დღეს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მახათას მთაზე, ტაძრის საძირკველი ეკურთხა და მას შემდეგ, უკვე მესამე წელია, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე განსაკუთრებულად აღინიშნება.
დღეს, 18:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.
2013 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველ ოჯახში შებრძანდება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც მისი უწმიდესობის მიერ შექმნილი ლოცვაა დატანილი. ხატი ყოველი სახლის მცველად და მფარველად დაბრძანდება მის კართან. პირველი ხატები დღეს მახათას მთაზე შეკრებილ მრევლს საჩუქრად გადაეცემა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატზე დატანილია ლოცვა: "მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა, ყოველთა ზეციურთა ძალთა და ყოველთა წმიდათა, უფალო, დაიცევ სახლი ესე და მკვიდრნი მას შინა ბოროტისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! ღმერთო ძლიერო, შენ აკურთხე ოჯახი ესე განამტკიცე და განამრავლე ისინი, მოანიჭე ჭეშმარიტი სარწმუნოება, მშვიდობა და სიხარული, სიყვარული და სულგრძელება, რათა წარემართოთ ყოველ კეთილ საქმეთა ზედა და იხარონ ორსავ სოფელსა შინა, ამინ".
ცნობისთვის, 15:00 საათიდან მახათას მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი ადგილებიდან: ვარდების მოედანი, გადასასვლელი ხიდი, ვარკეთილის მეტრო.