წუხელ გვიან ღამით, სოფელ ვარიანში, სასულიერო პირის, მამა გრიგოლ გოგიჩაძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარმა შენობის მეორე სართული მთლიანად გაანადგურა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხანძრის ლოკალიზებაზე გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. მათ შესძლეს ცეცხლის სხვა შენობა-ნაგებობებზე გადასვლა თავიდან აეცილებინათ.
გორის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის, მამუკა იმერლიშვილის თქმით, შენობის გადახურვისას მთლიანად ხის მასალა იყო გამოყენებული, რამაც საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სწრაფად დაწვას ხელი შეუწყო.
რაც შეეხება ვერსიებს, სამართალდამცავები ოფიციალურად არანაირ ვერსიაზე ჯერ არ საუბრობენ.
მამა გრიგოლი კი, ხანძრის შემთხვევით გაჩენის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ამ საშინელი ფაქტის უკან მასთან დაპირისპირებაში მყოფი პირები დგანან". მამა გრიგოლი კონკრეტულ გვარებს და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც ასახელებს.
"ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ორი წლის წინ სხვა სათავსოებიც გადამიწვეს. ეს ყველაფერი კი, ჩემთან დაპირისპირებული მხარიდან არის ორგანიზებული. ამ ყველაფრის უკან სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია დგას, რომელიც "ნაციონალებს" მფარველობდა. მე რამდენჯერმე ვამხილე და მის წინააღმდეგ გამოვედი, ეს ყველაფერი ამის შედეგია", - აცხადებს მამა გრიგოლი.
სოფელ ვარიანში, დეკანოზ გრიგოლის ირგვლივ ხმაური მეორე წელია გრძელდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, ადგილობრივი მოსახლოების ერთი ნაწილი მას დაუპირისპირდა. მათი თქმით, სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარობის დროს მან ვარიანის ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწის ფართობი უკანონოდ დაისაკუთრა. სასულიერო პირი კი აცხადებს, რომ უკვე 20 წელია, ვარიანში ცხოვრობს, ადგილობრივი სოფლის ეკლესიის წინამძღვარი იყო და ერთი ჰექტარი მიწის ფართობი აუქციონის წესით შეიძინა.
მამა გრიგოლი ამ მიწის ფართობთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურსაც მასთან დაპირისპირებაში მყოფ სასულიერო პირებსაც უკავშირებს.