იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების გაგრძელებასა და "შრომის კოდექსში" ცვლილებების ახალი ტალღის პირადად ხელმძღვვანელობას აპირებს. ამ გეგმის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"როდესაც "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის "შრომის კოდექსში" ჩაწეროს. მოქმედი კოდექსი აბსოლუტურ კარტბლანშს აძლევს დამსაქმებელს. მას შეუძლია ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დღეს არანაირი უფლება არ აქვს. მინდა მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის "შრომის კოდექსის" რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავაში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია. ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ, სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
როგორც ცნობილია, ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის ახალი კოდექსი "როზა ლუქსენბურგის ოცნებად" შეაფასა. მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".
"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მითუმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.