საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებებს არ იზიარებს. გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბეხლერი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველომ დასავლეთის კურსს გადაუხვია.
"არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, ვთვლი, რომ მეტწილად საგარეო კურსი შეუქცევადად მიდის დასავლეთისკენ. ამასთან, შეინიშნება დადებითი ცვლილებებიც, მაგალითად, რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არა ევროპული კავშირების დაზიანების ხარჯზე. ეს ადრინდელთან შედარებით განსხვავებული ტონი, განსხვავებული რიტორიკაა. ამავდროულად, არ ხდება "წითელი ხაზების"
გადაკვეთა, რაც გონივრული მიდგომაა", - მიაჩნია შვეიცარიის ელჩს.
რაც შეეხება არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლებას ბევრად მეტი გავლენა აქვს ევროპის პოზიციაზე, ვიდრე ახლანდელს, როგორც ბეხლერი აცხადებს, ეს არც არის გასაკვირი, რადგან მათ ამისთვის 9 წელი ჰქონდათ და ამ ხნის განმავლობაში მოახერხეს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის ზოგიერთ ანგარიშგასაწევ ძალასთან.
"ახალი, თუნდაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება კი, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას, პრაქტიკულად, თავიდან იწყებს. ამას გარკვეული დრო სჭირდება და სწორედ ამის წარმოჩენა იყო ჩემი წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ახალი ხელისუფლებისკენ მიმართული მითქმა-მოთქმა და კრიტიკა ყოველთვის არ იყო გამართლებული. ყველას აქვს უფლება იკითხოს - რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება დანაპირებს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ამ დანაპირების შესრულებისთვის საჭირო დრო არ გასულა. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, ეს ჩვენი საუკეთესო მთავრობააო, უცხოელმა დიპლომატმა ამ აზრს ანგარიში უნდა გაუწიო და თქვა, - კი, ბატონო, მოდით, ერთად ვიმუშაოთო!", - აღნიშნავს გიუნეტ ბეხლერი.