შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში საკადრო ცვლილებებია. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, პოსტი დატოვა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა გიორგი დვალიშვილმა.
საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, დვალიშვილი მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა, რა თანამდებობაზე ან რომელ დეპარტამენტში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
დვალიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. არაოფიციალური წყაროებით კი რეგიონში სამ პიროვნებაზე საუბრობენ, რომელმაც შესაძლოა მხარის "მთავარი პოლიციელის" პოსტი დაიკავოს. ესენი არიან - შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იაგო საური, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი და აჭარის პოლიციის უფროსი ვალერიან თელია.
აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებით არც შს სამინისტრო და არც შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. რეგიონის პოლიციის უფროსის ვინაობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.