ერთ-ორ თვეში, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გარდამტეხ ეტაპში შევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. "საზოგადოებაში ეს აგრესიის მუხტი ჩაცხრება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც გააცნობიერეს მგონი და დაიღალნენ იმ იდეოლოგიით, რასაც ისინი საზოგადოებას თავს ახვევდნენ. ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა საზოგადოებასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რადგან ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან - ჩვენ უნდა დავძლიოთ სიდუხჭირე. ეკონომიკა არის ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავი და ყველაზე მეტი სანერვიულო. დემოკრატული პროცესები აუცილებლად განვითარდება, აი, ეკონომიკაა ძირითადი საზრუნავი. ქვეყანასაც გავაერთიანებთ, რა თქმა უნდა, დროში, რამდენიმე წელიწადში, ამას თვეები არ ეყოფა",-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მოთმინება ისწავლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ერთ თვეში უნდოდა ყველას შურისძიება, დასჯა, მიწოლა, მინგრევა. ნახეთ, როგორ დაელოდა ხალხი. განიცდიდნენ ყველაფერს, მაგრამ მოითმინეს",-დასძინა პრემიერმა.