პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი-ოთხი ბიზნესმენისგან სახელმწიფო საკუთრების დაბრუნებაში გია ხუხაშვილი დაეხმარა, - ამის შესახებ ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი გადაჭარბებულად მიიჩნევს განცხადებებს, თითქოს მას "ვიღაც ჭკუას ასწავლის". "მე არ ვარ თვითონ უჭკუო. საკმაოდ კარგი ორგანიზატორი ვარ და თვითონ ვახერხებ ყველაფერს. ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გუნდში", - აღნიშნა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ამაში გია ხუხაშვილს, პრემიერმა განმარტა, რომ "ხუხაშვილსაც ძალიან კარგი ადგილი აქვს გუნდში", მას აქვს თავისი სფერო და ეხმარება ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავს, რომ გია ხუხაშვილი რაიმე ბიზნესს ლობირებდეს. "როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მე მოვედი საქართველოში პრემიერ-მინისტრად და ლობირებას დავიწყებ სხვადასხვა ბიზნესის?!ის და ჩემი გუნდის წევრები ამას გაბედავენ?! ეს წარმოუდგენელია. გია ხუხაშვილს მე დავავალე, რაც რამდენიმე კომპანიასთან იყო დასალაგებელი, ვინც სახელმწიფო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ეს მოვაგვარეთ, დავარეგულირეთ. სამ-ოთხ ბიზნესმენთან იყო ყველაფერი და გადავეცით რკინიგზას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. ის, რომ ბიზნესს ეძახდნენ და ამ დროს სახელმწიფო საკუთრება იყო, ეს მოვაგვარეთ და ამაში გია ხუხაშვილი დამეხმარა. ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. უწესიერესი ადამიანია, გამორიცხულია, რომ რაიმე იკადროს და მერე, მეც არ გავაჩერებ ასეთს ჩემს გვერდით", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გადაჭარბებულია, თუმცა ის ამას გაგებით ეკიდება.