იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას "აღმაშფოთებელს" უწოდებს. "ინტერპრესნიუსი" იუსტიციის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"იუსტიციის მინისტრი უკიდურესად აღმაშფოთებელს უწოდებს სამი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით გავრცელების ფაქტს და სჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინვე დაწყებული გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს კადრების ნამდვილობას და თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ისინი. თეა წულუკიანი აგრეთვე ეხმაურება ბრალდებებს მთავარი პროკურატურის მიმართ და თვლის, რომ მთავარი პროკურატურა სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ ბრალდებებს, რათა წერტილი დაესვას საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილ კითხვებს. ის ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურორსაც ესაუბრა".
გუშინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
თავად ფარესაშვილი ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. როგორც მან გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ, საუბარია გია ხუხაშვილზე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე.
ფარესაშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც "ნაციონალურ" მოძრაობას და "ვანო მერაბიშვილის კლანს" ჰქონდათ. მისივე განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ინფორმაცია არ ჰქონდათ.