სტუდენტები უნივერსიტეტების დაცვის სამსახურის თავიდან დაკომპლექტებას ითხოვენ. სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავჯდომარე ალექსანდრე კობაიძე შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს მიმართვას უგზავნიან.
ამ მიმართვაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტების დაცვის სამსახურის გადამოწმებას და საჭიროსამებრ თავიდან დაკომპლექტებას თხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული სამსახურები საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ.
"მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. უნივერსიტეტებში დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა სტუდენტთა დაცვა, თუმცა თვალნათელია კონკრეტული შემთხვევები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გადასამოწმებელი და ახლად დასაკომპლექტებელია დაცვის სამსახური ყველა უნივერსიტეტში, რათა სტუდენტებმა უფრო დაცულად იგრძნონ თავი. ზოგჯერ დაცვის სამსახურის უფროსებისგან სტუდენტებისადმი პოლიტიკური დევნაც ხდებოდა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად.
ბატონო ირაკლი და ბატონო გიორგი, გვინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ დაინტერესდეთ ჩვენი წინადადებით და შექმნათ დაცვის სამსახური უნივერსიტეტებში რომლებიც ეფექტური იქნება", - აღნიშნულია მიმართვაში.