პარლამენტის შენობასთან დღეს გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს ოთხი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით , აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მისივე თქმით, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე დღესვე გათავისუფლდებიან.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან, რომლებიც მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევას აპროტესტებდნენ, ათამდე ახალგაზრდა მივიდა და უცენზურო სიტყვებით მომიტინგეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია. აქციის მონაწილეებსა და აღნიშნულ პირებს შორის სიტუაციის განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერივნენ.