საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გიორგი ფარესაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით ეფექტურად აწარმოოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით.
ამავდროულად, იმბუდსმენი მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს, გაატარონ შესაბამის ღონისძიებები, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და პირთა პირადი ცხოვრების უფლების შელახვა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული. ამასთან, ომბუდსმენი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტსა და მედია საშუალებებს დაიწყონ ღია და საჯარო დისკუსიები შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზებზე.
"სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრები გამოქვეყნებულ იქნა ღიად და იძლეოდა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ხდება პირთა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არაერთჯერად ხასიათს ატარებს.
ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულ იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 157-ე მუხლით. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს აღნიშნული საქმის შესწავალას და თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.