მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი გიორგი ფარესაშვილის განცხადებებსა და მის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარესაშვილისგან ბოლო პერიოდში ჩემი მისამართით მოვისმინე ბევრი ცილისმწამებლური განცხადება, მიმაჩნია, რომ მასზე კადრების გავრცელება არის წარმოუდგენელი დანაშაული. თუ ადრე მეგონა, რომ ფარესაშვილი შეგნებულად აწარმოებდა ჩემს მიმართ ბინძურ კამპანიას, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გახდა კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი. ახლა მხოლოდ მის ბოლო განცხადებას შევეხები და მინდა იცოდეს, რომ მოგელაძე ტელევიზორში მყავს ნანახი, ხოლო მისი მეუღლე საერთოდ არ ვიცი, ვინ არის. ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს კვალი უნდა ვეძებოთ იქ, სადაც მისი დეზინფორმირება ხდებოდა. ეს ყველაფერი აღარ არის მარტო მისი პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. ვთავაზობ მას შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადვილად გავერკვევით ამ ისტორიაში", – აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი ფარესაშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეო ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალა ფაბრიკაციაა. როგორც ფარესაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ, საუბარია გია ხუხაშვილზე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე.
ფარესაშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც "ნაციონალურ" მოძრაობას და "ვანო მერაბიშვილის კლანს" ჰქონდათ.
"რაც შეეხება "ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანს", მათ ბიზნესები გადაიფორმეს ვანო მერაბიშვილის კლანისგან. მე 2006 წლიდან აქტიურად ვებრძოდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ კლანსაც კი არ მოსვლია თავში ასეთი რამ. მათაც კი არ უკადრებიათ ეს", – განაცხადა ფარესაშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის, რომელიც დღემდე პროკურატურაში მუშაობს, "ბინძურ საერთო საქმეებზე". ფარესაშვილის განცხადებით, როდესაც ის შეხვდა ამ ადამიანს, სწორედ მისგან გაიგო, რომ მის შესახებ გავრცელდა რაღაც ვიდეომასალა ინტერნეტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც "საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს.