სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, ერთის გარდა, აღმკვეთ ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ქალი ბრალდებული კი, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ ბესიკ თეთვაძის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა, დაცვის მხარე მოითხოვდა, ბრალდებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული. კახა შონია აპირებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივროს.
ადვოკატის თქმით, გასაჩივრება კანონით განსაზღვრულ ვადებში - 48 საათში უნდა მოხდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანები და ექსპერტთა ჯგუფის წევრები, სულ 10-მდე ადამიანი, სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით 3 დღის წინ დააკავეს.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი სხვა მუხლებითაც წარედგინათ. 182-ე მუხლი მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.