გიორგი ფარესაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს

გიორგი ფარესაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს

გიორგი ფარესაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. როგორც დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გიორგი ფარესაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას, კერძოდ, საუბარია გია ხუხაშვილზე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე.

ფარესაშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც ნაციონალურ მოძრაობას და "ვანო მერაბიშვილის კალანს" გააჩნდა. მისივე განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"რაც შეეხება "ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანს", მათ ბიზნესები გადაიფორმეს ვანო მერაბიშვილის კლანისგან. მე 2006 წლიდან აქტიურად ვებრძოდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ კლანსაც კი არ მოსვლია თავში ასეთი რამ. მათაც კი არ უკადრებიათ ეს", – განაცხადა ფარესაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძისა და მისი მეუღლის, რომელიც დღემდე პროკურატურაში მუშაობს, "ბინძურ საერთო საქმეებზე". ფარესაშვილის განცხადებით, როდესაც ის შეხვდა ამ ადამიანს, სწორედ მისგან გაიგო, რომ მის შესახებ გავრცელდა რაღაც ვიდეომასალა ინტერნეტში.

ფარესაშვილი არ ენობა ქართულ გამოძიებას და მოითხოვს საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ ეს კადრები. "არ ვენდობი ქართულ გამოძიებას. საქმეში უკვე ჩართულია სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცა ეს მასალა", – აღნიშნა მან.

ამასთან, ფარესაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმი ამ საქმეში გარეული არ არის. "დავუშვათ ეს არ იყო ფაბრიკაცია და სიმართლეა, რა, უნდა ჩაიხედონ ყველას პირად ცხოვრებაში?!", – განაცხადა ფარესაშვილმა და დასძინა, რომ საერთოდ არ იცნობს იმ ადამიანებს, ვინც კადრებში მასთან ერთად არის აღბეჭდილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან ცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც "საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს .

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებას განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ მიმართა. სისხლის სამართლის საქმე სწორედ მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა. შს მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესაშვლის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.