უმცირესობა

უმცირესობა "ნდობის ჯგუფში" გივი თარგამაძის კანდიდატურის შეცვლას არ აპირებს

საპარლამენტო უმცირესობა მათი რიგებიდან ნდობის ჯგუფში წარდგენილი კანდიდატის, გივი თარგამაძის შეცვალს არ აპირებს და ამის საჭიროებას ვერც ხედავს. 

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თარგამაძე ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე "აბსოლუტურად ლეგალურად იმყოფება", ის საქართველოში მალე, რამდენიმე დღეში ჩამოვა და ყველაფერი გაირკვევა.

"ნდობის ჯგუფში კანდიდატურის შეცვლას არ ვაპირებთ და ამის საჭიროებას ვერც ვხედავთ. ის, რომ უმრავლესობამ შეიძლება თარგამაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს, ჩემთვის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს არ უთქვამს. ვფიქრობ, ასეთი განწყობები და განცხადებები ისევ და ისევ პრემიერ-მინისტრისგან მოდის. ირაკლი სესიაშვილს მე ვუთხარი, თუ სად არის გივი თარგამაძე. ამაში დასამალი არაფერი არ იყო. ის მალე ჩამოვა და ყველაფერი გაირკვევა. თარგამაძის კანდიდატურისთვის წინააღმდეგობის გაწევის გადაწყვეტილება, ალბათ, უფრო იმას უკავშირდება, რომ როგორღაც რუსეთს ესიამოვნოს. როცა მტერ სახელმწიფოს თარგამაძე დამნაშავედ მიაჩნია, უნდა მიხვდე, რომ, პირიქით, არის საქმე. თარგამაძე ამ მტრულ სახელმწიფოსთან მებრძოლი ადამიანია და თუ არა ის, ვინ შეიძლება იყოს ნდობის ჯგუფის წევრი? როგორც ვატყობ, 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა ღირებულება თავდაყირა დადგა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დარჩიაშვილმა.

მმართველი უმრავლესობა პარლამენტის ნდობის ჯგუფში უმცირესობის მხრიდან შეთავაზებული კანდიდატურის - გივი თარგამაძის შეყვანის წინააღმდეგია და მის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ლიდერმა, მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენილმა კანდიდატმა დავით საგანელიძემ განუცხადა, თარგამაძის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, რადგან მისი მისამართით ბევრი კითხვა არსებობს.