ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918" წევრებმა შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილი უკვე დატოვეს. როგორც ორგანიზაციის ოთხი წევრის ადვოკატმა , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს შს სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა პროცესუალური დარღვევა. კერძოდ, მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმზე არ იყო მითითებული თარიღი. მისი თქმით, ეს არის პროცესუალური დარღვევა და ბრალდებულების დღევანდელი დაბარება ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ადვოკატი ამბობს, რომ როდესაც შენიშნა, ოქმს თარიღი არ ჰქონდა მითითებული, დაწერა განცხადება და გამოითხოვა დოკუმენტი, თუმცა მიიღო პასუხი, რომ მსგავსი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნულ არგუმენტს სასამართლოზე დაასახელებს და გაითვალისწინებს, თუ არა ამ არგუმენტს, უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს საგამოძოებო სამსახურში იკითხა, თუ რატომ დაიბარეს 30-მდე ბრალდებულებულიდან მხოლოდ რამდენიმე და, როგორც ადვოკატი აცხადებს, საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, რომ დანარჩენ ბრალდებულებს ნაწილ-ნაწილ დაიბარებენ.
ნონა ქურდოვანიძე ვერ ასახელებს, როდის იქნება სასამართლო პროცესი "ლაბორატორია 1918" წარმომადგენლების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. მისი თქმით, ზეპირი განმარტების სახით საგამოძიებო სამსახურში ბრალდებულების ადვოკატს უთხრეს, რომ პროცესი აღდგომის დღესასწაულის შემდგომ, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება.
შს სამინისტროს საგამოძიებო ნაწილთან "ლაბორატორია 1918" სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ შეკრებილი. როგორც მათ აღნიშნეს, მომავალ აქტივობებს დაგეგმავენ, იქიდან გამომდინარე, წარდგენილი ბრალდება მათ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ ადმინისტრაციული დარღვევა 1 მაისის შრომის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე არ ჩაუდენიათ. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ დაშალა "ლაბორატორია 1918" ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე პოლიციამ.