ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი "როგორც თანამდებობიდან განთავისუფლებამდე, ისე თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის შემდეგ, საკმაოდ მაღალ პრემიებს იღებდა".
საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია IDFI-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
IDFI-ს ცნობით, ცენტრმა არასრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია 2012 წელს დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ, რადგან მოთხოვნილ იქნა განცხადების დაზუსტება; ყველა სხვა შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია იყო სრულყოფილი.
გამოთხოვნილი ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის მარტსა და აპრილში, ისევე როგორც 2013 წლის იანვარში, მაია მიმინოშვილმა პრემიის სახით თვეში ხელფასის ერთმაგი ოდენობა 4 500 ლარი მიიღო, ხოლო 2012 წლის დეკემბერში 6 233 ლარის პრემია გამოიწერა. უნდა აღინიშნოს, რომ 4 თვის მანძილზე მაია მიმინოშვილმა პრემიის სახით საშუალოდ 4 933 ლარი აიღო, ხოლო მისმა შემცვლელმა ასევე 4 თვის განმავლობაში მხოლოდ საშუალოდ 2 942.5 ლარი.