თურქეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ სვიჟბა , აფხაზეთის კულტურის დე ფაქტო მინისტრი ბადრი გუნბა და სოხუმის მერი ალიას ლაბახუა აფხაზეთის კულტურის დღეებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სტამბულის ერთ-ერთ რაიონში გაიმართება.
ქართალის მერიის ბულენთ ეჯევითის კულტურულ ცენტრში ღონისძიებები დღეს იწყება. აფხაზეთის კულტურის დღეები "კავკასიის დიასპორათა ფედერაციის", ქართალის მერიისა და სოხუმის მერიის თანამშრომლობით იმართება.
აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში ქართალის მოედანზე მოეწყობა მსვლელობა, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები აფხაზურ სამზარეულოსაც გაეცნობიან. შესრულდება აფხაზური სიმღერები. ამასთან, აფხაზეთზე ნაჩვენები იქნება ფილმიც.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებებში ხვალ ჩაერთვებიან. მათი სიტყვით გამოსვლები სწორედ ხვალ არის დაგეგმილი.