იერუსალიმში

იერუსალიმში "ვია დოლოროსას" გზაზე მომლოცველთა მსვლელობა მოეწყობა

წითელ პარასკევს, იერუსალიმში ტრადიციისამებრ "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობა მოეწყობა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქრისტიანები მონაწილეობენ. მათ შორის საქართველოდან ჩასული მორწმუნეებიც. 

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე "ვია დოლოროსას" გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.

საქართველოდან იერუსალიმში წელს მომლოცველი რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, მათ შორის საპატრიარქოს მეშვეობით 90-მდე მომლოცველი. მომლოცველთა პირველი ჯგუფი იერუსალიმში 29 აპრილს გაფრინდა. ისინი ზეციურ ცეცხლს საქართველოში ხვალ, გვიან საღამოს ჩამოაბრძანებენ. 

ამასთან, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები ხვალ ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.