თურქეთი დაინტერსებულია, სოჭის ოლიმპიადისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთი, ტრანზიტის სახით, საქართველოს ტერიტორიაზე გაატაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი არის განსჯის საგანი.
"საუბარია თურქული ტვირთების გატარებაზე საქართველოს გავლით, ყაზბეგი-ლარსის მარშრუტით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ეს მსჯელობის საგანია და მისი განხილვა საექსპერტო დონეზე მიმდინარეობს. მაგრამ, ეს თავისთავად საინტერსეოა, რადგან საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო შემოსავალს მოიტანს საქართველოსთვის თუ ეს გაკეთდა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა, თუ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე "როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას. აბაშიძის თქმით, დღეს საუბარი შეეხო პირდაპირი დიალოგის იმ ფორმატს, რომელიც პრემიერის ინიციატივით შეიქმნა და რომელიც გულისხმობს შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.
"დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრე იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ გარკვეულ ხელშესახებ შედეგზე, რომლებიც მიღწეულია დიალოგის დაწყების შემდეგ. კერძოდ, ეს არის გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ასევე მოგვარდება გარკვეული სატრანსპორტო წინაღობები.
"მხედველობაში მაქვს "ყაზბეგი-ლარსის" გამშვები პუნქტი, რომელიც 1 ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან მუშაობას. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით", - განაცხადა აბაშიძემ.