26 აპრილს, თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩეხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1955 წელს დაბადებული ზურაბ ნადირაძე დააკავეს.
აღნიშნულმა პირმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ზურაბ ნადირაძე იმავე წელს ძებნილად გამოცხადდა, 2000 წლიდან კი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ჩეხეთის პოლიციამ ძებნილი არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.
ამჯერად ექსტრადიციის საკითხი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა დადებითად გადაწყვიტა და ზურაბ ნადირაძის ქართული მხარისათვის გადმოცემა უახლოეს პერიოდში მოხდება.