თეა წულუკიანი მოსამართლეებს მოუწოდებს, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურები წარადგინონ და საარჩევნო კამპანია დაიწყონ. როგორც იუსტიციის მინისტრმა
"მეცხრე არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა, მოსამართლეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა ერთი მხრივ მათი პროფესიული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მეორე მხრივ - ხელი შეუწყონ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, რომელიც თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.
თეა წულუკიანის თქმით, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა ისუტიციის საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსლების შეჩერებას და მათი ახალი წესის არჩევის კანონპროექტს ვეტო დაადო, ხოლო პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა პროცესს გაახანგრძლივებს, მოსამართლეებს შეეძლებათ ეს დრო გონივრულად გამოიყენონ და თავისი კანდიდატურების კამპანიაზე იზრუნონ.
იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ მოსამართლეებთან არაგეგმურად გამართულ შეხვედრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი უნდა დაირაზმონ დემოკრატიული სასამართლო რეფორმის და არა მათი ხელმძღვანელის გარშემო. "მოვუწოდებ ყველა მოსამართლეს, დაირაზმონ რეფორმის გარშემო და ამით ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას. თუ ეს მოსამართლეებზე ზეწოლად აღიქმება, მზად ვარ პასუხი ვაგო", – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრების არჩევა არადემოკრატიულად მოხდა. შესაბამისად, მათ უფლებამოსილება აუცილებლად შეუჩერდებათ და საბჭოს წევრებს ახალი წესით აირჩევენ, რომელიც ვენეციის კომისიამ, ასევე, სამართლის საერთაშორისო ექსპერტებმა, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და თავად კონსტანტინე კუბლაშვილმაც დემოკრატიულად მიიჩნიეს. ახალი წესით არჩევის პროცესში მონაწილეობა მოქმედ წევრებსაც ხელახლა შეეძლებათ.