სპეციალისტებმა, რომლებმაც ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებულ ბომბებს ექსპერტიზა ჩაუტარეს, ერთ-ერთ ნამსხვრევზე ქალის დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს. თუმცა, ჯერ დადგენილი არ არის, ვის ეკუთვნის ის.
გამომძიებლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, თუ საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო დნმ-ი თვითნაკეთი ბომბის ნამსხვრევზე. გენეტიკური მასალა, შესაძლოა, იმ მაღაზიის გამყიდველის იყოს, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობისათვის საჭირო მასალები მიჰყიდა ცარნაევებს და შესაბამისად, ის ბომბზე შემთხვევით მოხვდა.
თუმცა, არსებობს ვერსიაც, რომ ძმებს, შესაძლოა, ტამერლან ცარნაევის ცოლი დაეხმარა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე მიაკითხეს სახლს როდ-აილენდზე, სადაც ტამერლანის ქვრივი - კეტრინ რასელი ცხოვრობს. რასელის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ის ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ გამოძიებას დაეხმაროს.
„სი-ბი-ეს ნიუსის" ცნობით, რასელს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდება, რომელსაც ბომბის ნამსხვრევებზე აღმოჩენილ კვალს შეადარებენ. ასევე, გამომძიებლები მას დაკითხავენ, იცოდა თუ არა ქმრის გეგმების შესახებ. ქვრივი, ჯერჯერობით, ეჭვმიტანილად ოფიციალურად არ განიხილება.