საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.
"ნაციონალური მოძრაობის" შედარებით რეიტინგული სახე და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი მმართველი გუნდის სავარაუდო კანდიდატი პოლიტიკიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
ამის შესახებ ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პრივატულ საუბარში თავად განაცხადა.
როგორც ინფორმირებულმა წყარომ "პირWელს" განუცხადა, ბაქარაძე სავარაუდოდ, ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება და გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის "კულტურულად" გაცილების შემდეგ მიიღებს.
თუმცა, მას ჯერ საკუთარი გუნდის წევრების დარწმუნება მოუწევს იმაში, რატომ არ დათანხმდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატობა 5 "ნაციონალს" მაინც სურს, ბაქრაძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი და შედარებით სუფთა პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. შესაძლოა, ბაქრაძე ამ იმიჯის გადარჩენაზეც ფიქრობს.
თავის მხრივ, "პირWელი" კომენტარისთვის დავით ბაქარძესაც დაუკავშირდა.
კითხვაზე – "რამდენად მოსალოდნელია, რომ პოლიტიკიდან ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წახვიდეთ", უმცირესობის წევრმა ორაზროვანი პასუხი გასცა.
"ადრე თუ გვიან პოლიტიკიდან ყველა წავალთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ერთადერთი "ნაციონალი" პოლიტიკოსია, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ბოლო სოციოლოგიურ კვლევაში მაღალი რეიტინგი დაუფიქსირდა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს.
NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48%-ს ბაქრაძე მოსწონს, 29%-ს - არ მოსწონს, 15%-მა – არ იცის, 1%-ს – არ სმენია, 7%-მა კი - პასუხზე უარი განაცხადა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბაქრაძის მოწონების მაჩვენებელი წინა 2012 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით (42%) გაზრდილია.