"დღევანდელისგან განსხვავებით წინა ხელისუფლება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას მალავდა და ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის შემნას, თითქოს პოლიცია ყველაფერს იდეალურად აკონტროლებდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ, ოპოზიციონერი დეპუტატის, პავლე კუბლაშვილის შეფასების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც დღეს დანაშაულის ფაქტების მატების გამო შსს-ს აკრიტიკებდა.
ეკა ბესელიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის ფაქტებისა და სტატისტიკის სრული გასაჯაროება არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულმა იმატა. "რეალურად სურათი ყველაზე კარგად სწორედ სტატისტიკებით ჩანს. თუ წინა წლების ანალოგიური პერიოდების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2008, 2009 და შემდგომ წლებშიც, მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა იყო, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიტუაციას სრულად აკონტროლებს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დანაშაულის გახსნის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ შსს-ში დანაშაულის აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი 2013 წლის იანვრიდან სწორედ რეგისტრირებული დანაშაულის აღრიცხვის ახალ მეთოდოლოგიას იყენებს. დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ.
როგორც შსს-ში განმარტავენ, წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები, მიუხედავად შეწყვეტის საფუძვლისა, სტატისტიკურ მონაცემებში 2013 წლამდე არ აისახებოდა; იმავე პერიოდისათვის, საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცა, ვინაიდან 2013 წლამდე მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო გაუხსნელი საქმეების რიცხვის გაუმართლებელი გაზრდა, ასეთი დანაშაულებები ერთიანი კონსოლიდირებული რაპორტის ფორმაში საერთოდ არ აისახებოდა.
შსს-ს განცხადებით, ქვეყანაში საზოგადოებრივი უშიშროებისა და უსაფრთხოების მაღალი დონე მთლიანობაში შენარჩუნებულია, ხოლო კრიმინოგენური ვითარება 2010 წელს არსებული ვითარების თანაზომადია და ხარისხობრივად აღემატება 2009 და ადრეული წლების მდგომარეობას.
ასევე, შსს-ს განმარტებით, ზოგადად, კრიმინოგენური ვითარება დამოკიდებულია მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ურთიერთზემოქმედებაზე, როგორიცაა: სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა (მაგალითად, კონკრეტული პერიოდის მოცემულობიდან გამომდინარე სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებლის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა), მასშტაბური ამნისტია და შეწყალება, სამართალდამცავ უწყებათა პირადი შემადგენლობის როტაცია და ა.შ.
"ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების შეფასებისა და პერსპექტიული პროგნოზირების შესაბამისად დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული პრევენტულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ამნისტიით გამოწვეული უარყოფითი დინამიკა და საერთო კრიმინალურ სიტუაციაზე მისი ნეგატიური ზეგავლენის ხარისხი, დღევანდელი მდგომარეობით შესაძლო პრაქტიკულ მინიმუმამდეა დაყვანილი", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები: მარტისათვის 21,9-დან - 25,53%-მდე, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისათვის კი 28,8-დან - 32,75%-მდე. კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012 - 2011 წლების მარტის თვეებში 4,7%-ით, ხოლო იანვარ-მარტში 20,2%-ით გაიზარდა.
"მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ, რეგისტრირებული მონაცემის 5-6%-ს წარმოადგენს, რაც, ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც. აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ვინაიდან 2012, 2011, 2010 და ა.შ. წლებში სამინისტრო ძველი მეთოდოლოგიის გამოყენებით აწარმოებდა სტატისტიკას, 2013 წლიდან ახალ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე გადასვლამ ამ პერიოდების ერთმანეთთან შედარების პრინციპი მიზანშეუწონელი გახადა, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული მონაცემების პირდაპირი ურთიერთშედარება გარკვეულ ფარგლებში ყოველთვის ამახინჯებს სურათს დანაშაულის მატება-კლების დინამიკისა და ტენდენციების შესახებ", - აცახადებენ შსს-ში.