საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების ამოქნედებისთანავე, კანონით განსაზღვრულ პირველივე შესაბამის დღეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თარიღს სულ მცირე ერთი კვირით ადრე გაიგებს ყველა დაინტერესებული პირი.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებისთვის აუცილებელია სამდივნოს მუშაობა, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაცია. კუბლაშვილის ინფორმაციით, ხვალ, 13.00 საათზე უზენაეს სასაამართლოში იწვევს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რათა პირველი სხდომა გაიმართოს აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც კუბლაშვილი მიიჩნევს, პროექტში წარმოდგენილი დებულებები სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
"ვფიქრობ, რომ ასეთი პრეცედენტის დამკვიდრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ნამდვილად არ გააძლიერებს საქართველოს მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი არ არის ხელოვნურად შევაფერხოთ პროცესი. ამ ცვლილებებს შორის არის ისეთი ახალი ნოვაციები და დებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება ცვლილებების ამოქმედებისთანავე, კანონით განსაზღვრულ პირველივე შესაბამის დღეს. მინდა მივმართო და მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებიუთ იუსტიციის მინისტრს, რომ ნუ ჩაერევიან ამ პროცესში, რათა მიეცეთ მოსამართლეებს თავისუფალი არჩევნის საშუალება",- განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, უზენაესი სასამართლო ვერ ჩაერევა აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პოლიტიკურ ნაწილში.
"მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო პერიოდში უკავშირდება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ამ კანონპროექტს და პარლამენტი განიხილავს, ამ ვეტოს დაძლევს თუ არა. ეს არის ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი. ჩვენ, სასამართლო ხელისუფლება არ ჩავერევით პოლიტიკურ პროცესში და არ გავხდებით ამ პროცესის მონაწილეები, ჩვენ არ შევალთ იმის შეფასებაში, თუ რატომ დაადო ვეტო პრეზიდენტმა და დასძლევს თუ არა ამ ვეტოს პარლამენტი. ბუნებრივია, რომ სასამართლო არ უნდა გახდეს ამ პროცესების პოლიტიკური მოთამაშე", – აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.