საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველად შესაძლოა, პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი გაიტანოს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მან ნამდვილად არ იცის, ვინ იქნება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა იცის ის, თუ რა კრიტერიუმებით ფიქრობს პრემიერი კანდიდატის შერჩევას.
"ვიცი ის, რომ პრემიერმა შეიძლება რამდენიმე კანდიდატიც გამოიტანოს განსახილველად პოლიტსაბჭოზე და რასაკვირველია პოლიტსაბჭოს წევრებს იგი დაეკითხება აზრს ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, გაწონასწორებული და სიმპათიური პიროვნება ყველა თანამდებობაზე კარგია, განსაკუთრებით კი აუცილებელია პრეზიდენტის პოსტზე.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, დაახლოებით მაისის შუა რიცხვებისთვის იქნება ცნობილი ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა ეს იქნება ერთი და არა რამდენიმე.