ქვეყნის უსაფრთხოების დოქტრინაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დაუდასტურა.
მისი თქმით, საფრთხეების ნაწილში ისევეა აღნიშნული ის საფრთხე, რაც საქართველოს აქვს, რომელიც ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციიდან და ამის გამო შემქნილი ვითარებიდან გამომდინარეობს.
მინისტრის ინფორმაციით, უსაფრთხოების დოქტრინაში არის მხოლოდ ერთი დანამატი, რომელიც ეხება პრაგმატულ მიდგომას და საქართველოს სურვილს გააუმჯობესოს რუსეთთან ურთეირთობები არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, დოკუმენტთან დაკავშირებულ მუშაობაში ჩართული იყო ყველა უწყება, ვისაც ეს ეხება, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"დოკუმენტი უშიშროების საბჭოშია გადაგზავნილი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ დოკუმენტს წინააღმდეგობა არც იქ არ შეხვედრია, შესაბამისად სასურველია, რომ მას პრეზიდენტის ხელმოწერის სახით მსვლელობა მიეცეს და ძალაში შევიდეს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.