შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული არქივის განადგურებას გამოძიების დასრულების შემდეგ გეგმავს, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე – "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები პრაქტიკულად დასრულებულია.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტროში უკანონო მოსმენები დასრულებულია. ჩვენ კუდ-ის ორი თანამშრომელი პასუხისმგებაშიც მივეცით. სამინისტროში მასობრივად ხდებოდა ტელეფონების და კომპიუტერების დავირუსება, ამის მსხვერპლი თავადაც აღმოვჩნდი. კუდ-ში სპეციალური ვირუსები იქმნებოდა და სხვადასხვა კომპიუტერში იგზავნებოდა. კუდ-ს უკანონო მოსმენებისთვის ცალკე დეპარტამენტიც კი ჰქონდა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასთან, მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს.
"ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ამ არქივის განადგურება არ შეიძლება. გამოძიების დასრულების შემდეგ კი არქივი კანონის სრული დაცვით განადგურდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, აუცილებლად უნდა შეიქმნას ბერკეტები, რომ ანალიგიური რამ აღარ განმეორდეს. მინისტრმა ამ კუთხით არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.