თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აპრილს 12 საათზე ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვა განახლდება. საქმეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი უძღვება. ბრალდებას პროკურორი თამაზ ჯალიაშვილი წარმოადგენს. ბარათელის უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. ბარათელის საქმის განხილვას აკვირდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე მონიტორინგის ჯგუფი.
30 აპრილს დანიშნულ სხდომაზე იგეგმება ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევა და ორი მოწმის დაკითხვა. ბრალდება თავის მთავარ მტკიცებულებას - საპატიმროს დერეფანში გადაღებულ ვიდეოფირს გამოაქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე ირწმუნება რომ ბარათელმა თანასაკნელ ზურაბ ჭონიაშვილს ზურგში აკრძალული ნივთი, თვითნაკეთი “შტირი“ ჩაარტყა.
ცნობისათვის, ბრალდების მთავარ მტკიცებულებას არ ამყარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში წერია, რომ ვიდეოფირზე არ ჩანს ბარათელს ხელში უჭირავს თუ არა რაიმე ნივთი. პლუს ამას, პროკურორის წინადადებით 30 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე სასამართლოს ჩვენებას მისცემს ორი პატიმარი - ადამ ზარიძე და იოსებ გოგიაშვილი.