საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ ნოკდაუნშია, მაშინ მისი დაკვირვება იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქმე, ნაკლებად დამაჯერებელია".
ამის შესახებ უსუფაშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, "შარშანდელი შემოდგომიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულ ნოკდაუნში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ეს არ აღმოჩნდა ნოკაუტი და პარტია თანდათან იწყებს ფეხზე წამოდგომას".
"გამიგია, რომ ნოკდაუნში მყოფი ადამიანისთვის რთულია იმის გარკვევა, რომ ნოკაუტისკენ მიდის თუ გამოჯანმრთელებისკენ. ასე, რომ თუ პრეზიდენტი აღიარებს, რომ ნოკდაუნში ვართო, მისი დაკვირვება ნაკლებად დამაჯერებელია. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მომავალს, ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო, როცა ყოფილი მმართველი პარტიები აორთქლდებოდნენ და მათთან ერთად ქრებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ცოტა ხანს მაინც დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში, რათა იგივე არ მოხდეს და არ დაგვავიწყდეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და არ მოხდეს ისე, რომ სხვა პიჯაკებში გამოწყობილი ადამიანები, კიდევ არასწორ გზას დაადგნენ. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვიწვევთ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც აუცილებლად დავამარცხებთ. რაც შეეხება ინდივიდუალურად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ვისაც რაიმე აქვს ჩადენილი და დასამალი ხალხისგან, მათი საკითხები ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული", - განაცხადა უსუფაშვილმა.