ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა. ამის შესახებ ჰიუ ბეილიმ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სემინარზე დაისვა შეკითხვა, თუ როდის გაიღება ნატოს კარი საქართველოსთვის. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ნატოს საბჭოს, მაგრამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით მოგახსენებთ, რომ ეს კარი არის ღია, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო შევა ამ კარში", – აღნიშნა ბეილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს საკითხები, რომლებიც ჯერ ისევ გადასაჭრელია, თუმცა მთავრობასთან და პარლამენტთან მუშაობით მოხდება ამ საკითხების გადაჭრა.
"ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროიტეგრაციის მისწრაფებებს და იმ მისწრაფებებს, რომ მალე გაერთიანდეს ნატოში. ეს წევრობა დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და საქართველო ბევრ მოთხოვნას უკვე აკმაყოფილებს", – აცხადებს ბეილი.
მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ISAF-ში ავღანეთში.
"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ წვლილს, რასაც საქართველო იღებს იმისათვის, რომ ავღანეთის ხალხს ჰქონდეს მშვიდობიანი და სტაბილური მომავალი" , – აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ბეილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ნაწილი იმყოფება ოკუპაციაში.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს" – აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.