თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას ძმის, დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილთან ურთიერთობას ეხება, კომენტარის გაკეთება არ სურს.
"ინტერპრესნიუსი" ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მეგობრის, გოგა ონიანის მეშვეობით დაუკავშირდა. თუმცა, როგორც გოგა ონიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბაჩო ახალაიას ინტერვიუების მიცემა არ სურს.
დათა ახალაიას სახელით "ფეისბუქში" რამდენიმე კვირის წინ განცხადება გავრცელდა. ამ განცხადებაში ახალაია წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში", - წერს დათა ახალაია.