სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, როცა გვაქებენ და გვადიდებენ უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქებენ და გვადიდებენ არა ჩვენ, არამედ უფალს, რომელიც ჩვენშია.
ამის შესახებ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, სადაც მრევლს ინდოეთში მცხოვრები წმინდანის სუნდარ სინგის ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
პატრიარქის თქმით, სინგი იყო ინდუისტი, მაგრამ მას ინდუისტური რელიგია არ აკმაყოფილებდა, ამიტომ მან წაიკითხა ბიბლია, თუმცა არ მოეწონა და დაწვა, შემდეგ მიმართა მუსლიმანურ რელიგიას, თუმცა ისიც უარყო, ბოლოს კი თავის მოკვლა გადაწყვიტი, მან განიზრახა მატარებელს შევარდნოდა, თუმცა როდესაც სახლიდან გასვლას აპირებდა, იხილა ნათელი, რომელიც თანდათან გაძლიერდა და მან უფალი იესო ქრისტე დაინახა.
"მან ჰკითხა, ვინ ხარო, მე ვარ იესო ქრისტე, რომელსაც შენ დევნიო, უპასუხა იესომ. სინგი წამოხტა ლოგინიდან მივარდა მამას და უთხრა, მე უფალი ვიხილე და დღეიდან ქრისტიანი ვარო, მამას ეგონა, რომ შვილი ფსიქიურად ავადმყოფია, შენ არ იყავი, რომ ბიბლია დაწვიო?! თუმცა ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, ამან მამა იმდენად განრისხდა თავის შვილზე მოსამსახურეებს უბრძანა, საჭმელში საწამლავი ჩაუყარეთო. მართლაც ჩაუყარეს საწამლავი და როდესაც ის სახლიდან წავიდა, გზაში დავარდა, შემდეგ ის მიიყვანეს მონასტერში, სადაც უმკურნალეს, გადაარჩინეს და ამის შემდეგ დაიწყო ქადაგება. მას აქვს ერთი ქადაგება ბზობის დღესასწაულზე. მას ეკითხებიან, მთელი მსოფლიო გიცნობს, გადიდებს და ნუთუ არ დაგებადა სიამაყის გრძნობაო? მან მოიყვანა მაგალითი: როდესაც უფალი შედიოდა იერუსალიმში ხალხი იხდიდა ტანსაცმელს და უგებდა ვირს, რომელზეც იესო იჯდა. სუნდარ სინგი ამბობს, ისინი უგებდნენ არა ვირს, არამედ იმას, ვინც მასზე იჯდა. ანუ მან თავისი თავი ვირს შეადარა, მეც პირუტყვი ვარო და ხალხის ქება არაფერს ნიშნავს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, როცა გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ და გვადიდებენ, არამედ უფალს, რომელიც ჩვენშია", - ბრძანა პატრიარქმა.