ცესკო ადასტურებს, რომ სამტრედიის 21-ე უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევა დაფიქსირდა. როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განუცხადა , გადასატანი ყუთის შედეგები ჯერ ბათილად ცნობილი არ არის და აღნიშნულ დარღვევაზე საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.
გადასატან ყუთთან დაკავშირებით დარღვევები იყო ნაძალადევის 26-ე და 36-ე უბნებზე, სადაც გადასატანი ყუთის ჭრილი დალუქული არ იყო. აზარაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერილია და კომისია გადასატანი ყუთის შედეგების გაუქმება-არგაუქმების შესახებ იმსჯელებს.
აზარაშვილის თქმით, დარღვევა დაფიქსირდა ასევე ბაღდათის მე-12 უბანზეც, სადაც წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ორგანიზაცია "მომავლის არჩევანის" დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებს უკანონოდ აკვირდებოდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ასევე სამტრედიის 38-ე საარჩევნო უბანზეც სადაც ხონის საკრებულოს წევრი "ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების"დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. აზარაშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს დამკვირვებლის რეგისტრაცია შეუწყდათ.