"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირინა იმერლიშვილი ბაღდათის პოლიციის უფროსის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას სიცრუეს უწოდებს.
როგორც ირინა იმერლიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" შეშფოთებულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"მე მესმის ვანო მერაბიშვილის შეშფოთება, რომ არჩევნებს პოლიცია არ ატარებს ისე, როგორც მისი მმართველობის დროს ტარდებოდა. როდესაც არ იტაცებენ საარჩევნო ყუთებს, არ ყრიან ბიულეტენებს. დაჟინებით ვთხოვ აღარ გააკეთოს ასეთი განცხადებები, რადგან მისი განცხადებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლი, სადაც წერია, რომ კენჭისყრის დღეს აკრძალულია ყოველგვარი ფასიანი თუ უფასო რეკლამა, ასევე ანტირეკლამა", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მისივე თქმით, მერაბიშვლის განცხადებები ემსახურება "ქართული ოცნების" ანტირეკლამას, თითქოს ხელისუფლებამ ვერ შეასრულა საარჩევნო დაპირებები.
დეპუტატი იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პანიკაშია.
"ძალიან ვთხოვ მათ, ამ არჩევნებს, რომელიც სრულიად მშვიდად მიმდინარეობს, ნუ გადააქცევენ ისტერიულ გარემოდ და ნუ მოიქცევიან ისე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახოს მათი სახე" , - აცხადებს იმერლიშვილი.