პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის კონცეფციის ფარულად შეცვლის გამო განმარტებების გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ხელისუფლება კი ამას სიცრუეს უწოდებს.
"გუშინ ივანიშვილმა პირველად თავის გამოსვლაში აღიარა, რომ მან შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა და აქვე დაგვპირდა, რომ ამისგან დიდ შედეგს არ უნდა ველოდეთ. ეს არის პირველი აღიარება ბიძინასგან, რომ საქართველომ შეცვალა საგარეო კურსი" , - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" აპირებენ ამ საკითხის სერიოზულად განხილვას და ხელისუფლებისთვის შესაბამისი პასუხების მოთხოვნას.
"ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას და შესაბამისი პასუხის მოთხოვნას ხელისუფლებისაგან, თუ რას გულისხმობდა ივანიშვილი კონკრეტულად, რომ მან შეცვალა და ამოიღო რუსეთი ჩვენი თავდაცვის კონცეფციიდან როგორც საფრთხე. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ აზრს და ეწინააღმდეგება იმ სტრატეგიას და იმ კონცეფციას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა" , - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება განხილვებისა და ხალხთან შეთანხმების გარეშე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტში რუსეთის, როგორც მტრის მიმართ ისეთი მკაცრი ჩანაწერი, როგორც უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების კონცეფციაში იყო, აღარ არსებობს.