საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებს შეხვდება. არსებული ინფრომაციით, შეხვედრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 16.30 საათზე უნდა დაიწყოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა ომანაძემ განუცხადა, ეს არის რიგითი შეხვედრა, რომელიც მოსამართლეებთან პერიოდულად იმართება ხოლმე.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებზე შიდა ინფორაციის გაცვლა ხდება.
"ეს ღია შეხვედრა არ არის. ასეთი შიდა შეხვედრები ყოველთვის ტარდება. ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრაა, რომელსაც მეც კი არ ვესწრები. ისინი დახურულად ხვდებიან ერთმანეთს. მსგავსი ტიპის შეხვედრები შესაძლოა, ყოველ თვეში ჩატარდეს. ვიცი, რომ შეხვედრა სააპელაციო სასამართლოშია დაგეგმილი და მას ჩვენი მოსამართლეები უნდა დაესწრონ", - განაცხადა ხათუნა ომანაძემ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოტე კუბლაშვილის მოსამართლეებთან შეხვედრა იმ ჯგუფების შექმნას უკავშირიდება, რომლებსაც მოსამართლეები სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად ქმნიან. ჯგუფების მიზანს, როგორც თავად მოსამართლეები აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიღწევა და მოსამართლეთა ამ მიზნის გარშემო გაერთიანება წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას გარშემო მოიაზრება.
"მე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ვარ და კანდიდატობას არ ვაპირებ. ჩვენი ჯგუფის მიზანია, ჩვენ კოლეგებთან ერთად, ღიად დავიწყოთ რეფორმის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენთვის, მოსამართლეებისთვის და სასამართლო სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სურვილია, მოსამართლეთა კონფერენციაზე, დახურული კენჭისყრის პირობებში, იუსტიციის საბჭოში არჩეული იყვნენ ღირსეული, ვინმესგან და რაიმესგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ და ქართულ სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი გაუჩნდება. ჩვენი ჯგუფი არ არის ერთადერთი, სხვა ჯგუფებიც არის შექმნილი და ისინიც არანაკლებ აქტიურად მუშაობენ ამ მიზნისთვის. რაც უფრო მეტი მოსამართლე გააქტიურდება, დაფიქრდება მოსამართლის პროფესიის იმიჯსა და მომავალზე, საერთო საქმისთვის უკეთესი იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შეიქმნას არა წარსულისთვის, არამედ – მომავლისთვის და მასში უნდა იყვნენ სრულიად დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მიუკერძოებლად და ობიექტურად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმ დღის წინ "ინტერპრესნიუსთან" შეხვედრაზე.
თავად კუბლაშვილმა ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ასეთი ჯგუფების შექმნის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა მთავარია, "ეს გარე ძალების ჩარევის გარეშე მოხდეს".