საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაღდათის პოლიციის უფროსის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას არ ადასტურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის უფროსის საარჩევნო პროცესში ჩარევის თაობაზე გადაამოწმა და მსგავს ფაქტს ბაღდათში ადგილი არ ჰქონია, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ფოტოები გაავრცელა, სადაც, მათივ ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ მონაწილეობს ბაღდათის საარჩევნო პროცესში ადგილობრივი პოლიციის უფროსი. ფოტოზე აღბეჭდილი ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ადგილობირივ პოლიციის უფროსს ეკუთვნის.
ამასთან, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა შემთხვევა ბაღდათში, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანი, ადგილობრივი პოლიციის უფროსი ზეწოლას ახდენდა საარჩევნო კომისიის წევრებზე. კერძოდ თევდორაძის თქმით, დაფიქსირებულია, როგორ ისვამდა მანქანაში პოლიციის უფროსი საარჩევნო კომისიის წევრებს და სათითაოდ ესაუბრებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ ფაქტს აღიქვამენ ზეწოლის გარკვეულ მცდელობად და არ გამორიცხავენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი კომისიის წევრებს დარღვევების შესახებ მითითებასაც აძლევდა.