"ნაციონალური მოძრაობა" ორ ფოტოსურათს ავრცელებს, სადაც, მათივე ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ მონაწილეობს ბაღდათის საარჩევნო პროცესში ადგილობრივი პოლიციის უფროსი.
ამასთან, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა შემთხვევა ბაღდათში, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანი, ადგილობრივი პოლიციის უფროსი ზეწოლას ახდენდა საარჩევნო კომისიის წევრებზე. კერძოდ, თევდორაძის თქმით, დაფიქსირებულია, როგორ ისვამდა მანქანაში პოლიციის უფროსი საარჩევნო კომისიის წევრებს და სათითაოდ ესაუბრებოდა. პარტიის მტკიცებით, ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც ფოტოზე ჩანს, სწორედ პოლიციის უფროსს ეკუთვნის.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ ფაქტს აღიქვამენ ზეწოლის გარკვეულ მცდელობად და არ გამორიცხავენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი კომისიის წევრებს დარღვევების შესახებ მითითებასაც აძლევდა.