სამტრედიისა და ბაღდათის რამდენიმე უბანზე შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვოს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა , გია თევდორაძემ და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა, ავთანდილ სტურუამ გააკეთეს.
მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს და რამდენიმე ფაქტი დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, იყო აშკარად დარღვევა და არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.
კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარღვევები ძირითადად შეეხება მარკირების პროცესს და გადასატან ყუთებთან დაკავშირებით აღმოჩენილ ხარვეზებს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 20-მდე საჩივარია ამ დროისთვის დაწერილი, რიგი შემთხვევები შეეხება მარკირების გარეშე ბიულეტინების გაცემას, რიგ შემთხვევბში კი საუბარია უცხო პირის მიერ სხვა ამომრჩევლის კუთვნილ ბიულეტენზე დაფიქსირებულ ხელმოწერებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ზოგადად ოლქში არჩევნების გაბათილების მოთხოვნაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს აღმოჩენილი ხარვეზები შესწავლის პროცესშია და შესაძლოა, გაყალბების მცდელობის არგუმეტად ჩაითვალოს.
ამასთან, როგორც გია თევდორაძემ აღნიშნა, დაფიქსირდა შემთხვევა ბაღდათში, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანი, ადგილობრივი პოლიციის უფროსი ზეწოლას ახდენდა საარჩევნო კომისიის წევრებზე. კერძოდ თევდორაძის თქმით, დაფიქსირებულია, როგორ ისვამდა მანქანაში პოლიციის უფროსი საარჩევნო კომისიის წევრებს და სათითაოდ ესაუბრებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ ფაქტს აღიქვამენ ზეწოლის გარკვეულ მცდელობად და არ გამორიცხავენ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი კომისიის წევრებს დარღვევების შესახებ მითითებასაც აძლევდა.
ამ დროისთვის სამტრედიაში არის 20% ამომჩევლის აქტივობის, 48 000 ამომრჩევლიდან 10 000 უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. სამტრედიაში სულ ხუთი კანდიდატი მონაწილეობს საარჩევნო პროცესში.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ავთანდილ ლომია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საოლქო კომისიაში მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ საჩივარი არ შესულა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იქნება დარღვევები, კომისია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, ყველა ფაქტი იქნება შესწავლილი და შეფასებული. მისივე თქმით, ჯამში პროცესი მიმდინარეობს მშვიდად.