"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ამ დროისთვის სამი დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათგან საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო შევსების ორი შემთხვევა - ნაძალადევის #31 და სამტრედიის #16 უბნებზე.
"აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნით ორგანიზაციამ უკვე წარადგინა საჩივრები შესაბამის საარჩევნო უბნებზე. გარდა ამისა, ბაღდათის #13 უბანზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა წყალტუბოს გამგებლის მოადგილე, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლად არ შეიძლება დარეგისტრირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. "სამართლიანმა არჩევნებმა" ამ დარღვევის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით აპირებს საჩივრით მიმართოს ცესკოს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საერთო ჯამში, არჩევნები ამ ეტაპზე უმნიშვნელო დარღვევებით მიმდინარეობს.
"საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი გაიხსნა დროულად. უბნების გახსნის დროს მნიშვნელოვან და მასშტაბურ დარღვევებს უბნების უმრავლესობაში ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება. ჩვენი მონაცემებით, სამი საარჩევნო ოლქის 60 უბნიდან უბნის გახსნის პროცედურების უმნიშვნელო ხარვეზები დაფიქსირდა 11 საარჩევნო უბანზე. ყველა ის უბანი, სადაც "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები იმყოფებიან, დილის 8.00 საათისთვის მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. სამივე საარჩევნო ოლქში, ძირითადად, კენჭისყრა დაიწყო დროულად და ამ დრომდე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს სამივე საარჩევნო ოლქში მობილური ჯგუფების, ოლქის დამკვირვებლებისა და 60 უბანზე მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ორგანიზაციაში ასევე ფუნქციონირებს SMS და ინციდენტ-ცენტრები, რომელთაც დამკვირვებლები აწვდიან ინფორმაციას საარჩევნო უბნებზე პროცესის მიმდინარეობისა და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
გარდა ამისა, რიგით მოქალაქეებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი მობილური ქსელიდან გააგზავნონ ინფორმაცია უფასო SMS ნომერზე 90039.