საერთაშორისო თანამეგობრობა მიიჩნევს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს საქართველო დემოკრატიულ არჩევნებს. ამის შესახებ ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში პიტერ ლანგერბერგმა ნაძალადევის რაიონის 25-ე საარჩევნო უბანზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჰოლანდიის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან და დიდ ბრიტანეთის ელჩ დეივიდ მორანთან ერთად აღნიშნულ უბანს სტუმრობდა. ელჩები საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ და კომისიის თავმჯდომარისგან ამომრჩეველთა აქტივობით დაინტერესდნენ.
"თითოეული არჩევნები მუდმივად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არჩევნები გარკვეულწილად გახლავთ ლაკმუსის ტესტი, რომელიც ამოწმებს დემოკრატიის ხარისხს. ეს ეხებოდა წარსულში მთავრობას, ეს ეხება ამჟამინდელ მთავრობას და ეს ასევე შეეხება მომავალ მთავრობას. იმასთან ერთად, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების კონკურენტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარება, რასაც დღეს ჩვენ აქ რასაკვირველია მშვენივრად ვხედავთ, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა რაოდენობაც, რომლებიც მიდიან საარჩევნო ყუთთან და აკეთებენ თავის არჩევანს. ამ შემთხვევაში, მათი მაღალი გამოცხადება მეტყველებს და კარგი ნიშანია იმისი, თუ რა სურს ხალხს. საერთაშორისო თანამეგობრობა მიჩნევს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ატარებს საქართველო დემოკრატიულ არჩვენებს, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მე ვიმყოფები აქ", – განაცხადა ჰოლანდიის ელჩმა პიტერ ლანგერბერგმა.
მისივე თქმით, ამერიკიის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩთან ერთად წინა არჩევნებსაც აკვირდებოდა და პირობა დადო, რომ საქართველოში მომავალ არჩვენებსაც დააკვირდება.
დიდი ბრიტანეთის ელჩის, დეივიდ მორანის განცხადებით, მისი მოლოდინია, რომ ქართველი ამომრჩეველი იქნება აქტიური და გამოხატავს საკუთარ ნებას.
"ბრიტანეთს, ამერიკას და ნიდერლანდებს საარჩევნო სტრუქტურების განსხვავებული ტრადიციები აქვს, თუმცა მათ აერთიანებს ერთობლივი ღირებულებები და სწრაფვა დემოკრატიული პროცესის. საერთაშორისო დამკვირვებლები სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ პროცესში, კიდევ ერთხელ გადადგმულ ნაბიჯში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია წვლილის შეტანა", – განაცხადა დეივიდ მორანმა.
ამასთან, ელჩებმა ნაძალადევის რაიონის 33-ე საარჩევნო უბანიც მოინახულეს და უბანზე ამომრჩველთა აქტივობით დაინტერესდნენ.