სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, "მეცნიერებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ".
ამის შესახებ უწმინდესმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტრორის წოდება მიენიჭა.
"მე მახსენდება დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომ გელათის აკადემია უნდა იყოს მეორე იერუსალიმი და ათენი; იერუსალიმი – თავისი სულიერებით, ათენი კი – განათლებით. ეს ორივე აუცილებელია. ყოველმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს რწმენას და ღმერთთან სიახლოვეს ან თავისი მეცნიერებით ან უბრალოებით. გისურვებთ, რომ ეს ორი ძალა შერწყმული იყო თქვენში, რათა ვიყოთ კეთილი, მოსიყვარულე და მიმტევებელი. მადლობას გწირავთ ამ დიდი ჯილდოსთვის. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მეცნიერებას. მეცნიერები უნდა იყვნენ დაფასებულნი და შევუქმნათ სათანადო პირობები. ბოლო დროს ჩვენი ახალგაზრდები პრაგმატულ საკითხებზე ფიქრობენ და აბარებენ ეკონომიკის და სხვა მიწიერ ფაკულტეტებზე, მათემატიკა და სხვა ზუსტი მეცნიერებები კი ნაკლებად აინტერესებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ვერ იქნება სათანადო სიმაღლეზე, თუ მეცნიერებას სათანადო ყურადღება არ მიექცა. ამაზე არა – მთავრობა, არამედ მეცნიერები უნდა მსჯელობდნენ, თუმცა იმედი მაქვს, ჩვენი ახალი ხელისუფლება მეცნიერებას სათანადო ყურადღებას მიაქცევს", - ბრძანა უწმინდესმა.