ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მის განათლებასთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მრჩევლის გია ხუხაშვილის რეპლიკას პასუხობს.
"მზად ვარ, გია ხუხაშვილის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლების დიპლომები საძებნელი არც ჩვენ გვაქვს, (არ მგონია მას ოქსფორდის, კემბრიჯის ან სორბონას უნივერსიტეტი ჰქონდეს დამთავრებული) სადაც ის იტყვის, იქ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ოღონდ მასთან ერთად სატელევიზიო დებატებში დაჯდომის საშუალება მოგვეცეს", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
შეგახსენებთ, რომ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მისი ბიზნეს-ჯგუფის ირგვლივ შექმნილი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გია ხუხაშვილია.
"ხუხაშვილი აცხადებს, რომ თითქოს ჩვენ სახელმწიფო 15 მლნ ლარით ვაზარალეთ, ასევე კომპანია "ნატახტარი" სხვას წავართვით. ისე ხდება, რომ ჯერ ხუხაშვილი აკეთებს განცხადებებს, შემდეგ მედია ავრცელებს და ბოლოს კი საგამოძიებო სამსახურები ინტერესდებიან. გია ხუხაშვილს შევთავაზე დებატებში მონაწილეობა, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ თითქოს მე არ მაქვს ისეთი განათლება, რომ მასთან დებატებში დავჯდე და რომ მე ვარ უვიცი", - განაცხადა ჩოჩელმა არასამთავრობოებთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ბიზნესმენის განცხადებას გამოეხმაურა გია ხუხაშვილი და განაცხადა, რომ აპირებს მის წინააღმდეგ ცრუ დასმენაზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანოს.
"ჩოჩელთან დებატები არასერიოზულია. ცეზარ ჩოჩელმა ნახოს თავისი ზომა და წონა. ჩოჩელმა ჯერ მიიღოს საკმარისი განათლება იმისთვის, რომ დებატებში დაჯდეს. ალბათ, მის წინააღმდეგ ცრუ დასმენაზე პროკურატურაში სარჩელს შევიტან და პროკურატურამ არკვიოს, ხუხაშვილს მის საქმესთან რა კავშირი აქვს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.