შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე, „Twining"-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგის დასკვნითი ნაწილი გაიმართა.
"Twining"-ის პროექტის ქვეკომპონენტით გათვალისწინებულ ტრენინგში სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგის დასკვნით ნაწილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ. მათ მონაწილეებს კურსის დამთავრების სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებას, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
პარალელურად, "Twining"-ის პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს პროექტის ხელმძღვანელ ფილიპ ნარდინთან და ლიტვის შსს-ს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის დირექტორ რემიგიუს ბანიულისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და ერთიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავეს.
პროექტი „Twining" ერთი წელია, რაც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესების საკითხში.