სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კ.-ს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიეცა.
ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია დააკმაყოფილა. საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, რომ მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსანდრე კ.-ს მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიეცა. 2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაესინჯათ მოქალაქე ალექსანდრე კ.-სთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკითხი. ალექსანდრე კ.-სთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა დედამ, მარინა კ.-მ. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ალექსანდრე კ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. 2009 წელს მარინა კ. - მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართა და ალექსანდრე კ.-სთვის, რომელიც ამავე სააგენტოს მიერ გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო (16 წლის), საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მარინა კ. საქართველოს მოქალაქე იყო, მის მეუღლეს, პეტრე კ.-ს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნული ნებართვა 2007 წელს ასევე მიენიჭა ალექსანდრე კ.-ს ძმას, ვლადიმერ კ.-ს, რომელიც ნებართვის გაცემის მომენტისთვის ასევე არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, ალექსანდრე კ.-ს ოჯახი საქართველოში კანონიერ საფუძველზე ცხოვრობდა. სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე კ.-ს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 11 დეკემბრის დასკვნით ალექსანდრე კ.-ს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–8 მუხლით გარანტირებული, ოჯახური ცხოვრების უფლება დაერღვა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს", - აღნიშნულია განცხადებაში.