ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მაცხოვრებლები ჩინური კომპანია "ხუალინგის" მიერ წარმოებულ მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა 500 ჰექტარზე მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ცეზარ ჯავახიძე ამბობს, მათი ინფორმაციით, ე.წ. ჩინური ქალაქი შენდება. მისი თქმით, ამ მშენებლობით მოსახლეობამ ზარალი მიიღო.
"აქ იყო საძოვრები, გაკეთებული იყო ხეხილი და ბაღები, რითაც მოსახლეობა სარგებლობდა, თუმცა ჩინურმა კომპანიამ ეს ყველაფერი ჩვენ წაგვართა და აქ თავის ინტერსებიდან გამომდინარე რაღაც მშენებლობას ახორციელებს. ამ ყველაფერმა ჩვენ ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა და ვითხოვთ, რომ ამ პრობლემით მთავრობა დაინტერსედეს", - განაცხადა ცეზარ ჯავახიძემ.
მისივე თქმით, კომპანიამ უბანს წაართვა სკოლაც და მის ნაცვლად იქ სასტუმრო გააკეთა. ამასთან ჯავახიძე განმარტავს, რომ ამ მიწებით სარგებლობდნენ ვარკეთილებებიც. ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის პრობლემებს ადგილზე დღეს პოლიტიკოსებიც გაეცნენ. კერძოდ "ქართული დასისა" და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერები. როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, მიწების უცხო ქვეყნის კომპანიებზე გასხვისება უკვე საგანგაშო მდგომარეობად იქცა.
"საქართველოში უკვე 80-მდე სოფელსა და ქალაქში ასობით ჰექტარია გაყიდული უცხო ქვეყნის კომპანიებზე, ეს ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის საქართველოს მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ და "ქართული დასი" ვმუშაობთ ერთობლივ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები უნდა შევიდეს მიწის კანონში, რათა აღარ გაგრძელდეს მიწების მსგავსი მასშტაბებით გასხვისება", - განაცხადა კახა კუკავამ.
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით კი, კომპანია "ხუალენგიმ" მერიის დახმარებით წაართვა ვაზისუბნელებს მიწები.
ბაღათურია ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მიწის კანონში, რათა საქართველოს მიწები აღარ გასხვისდეს უცხო ქვეყნის კომპანიებსა და მოქალაქეებზე.