თბილისის საკებულის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი მოხარულია, რომ საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მისმა ავტორმა უკან გაიწვია.
ამის შესახებ იონათამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მივესალმები, რომ საკანონმდებლო ინიციატივა უკანაა გაწვეული, ამ ინიციატივის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონოდა უმრავლესობა თბილისის საკრებულოში. ბუნებრივია, ასეთი მერკანტინული პოლიტიკური ამოცანებისთვის კანონპროექტები არ უნდა იწერებოდეს, თვითმართველობის არჩევნები ჩატარდება მომავალ წელს, როგორ და რა ფორმით, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს", - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულო ქვეყანაში მიმდინარე თვითმართველობის რეფორმას გამოეხმაურა და შექმნა ინტერფრაქციული კომისია, აქედან გამომდინარე, იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც თვითმართველობას ეხება ამ ჯგუფის ფორმატში უნდა იყოს განხილული.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები მისმა ავტორმა ირინე იმერლიშვილმა გუშინ გაიწვია, შესაბამისად, თვითმართველობის შუალედური არჩევნები აღარ ჩატარდება.