თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 83 მილიონი ლარით გაზრდის საკითხი დაამტკიცა. ბიუჯეტის გაზრდას მხარი საკრებულოს 43 წევრმა დაუჭირა, თავი შეიკავა ორმა წევრმა - ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელმა ზაზა გაბუნიამ და ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" ხელმძღვანელმა გულიკო ზუმბაძემ.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული.
"წარმოდგენილი ცვლილებების პრიორიტეტებს ჩვენ არ ვეთანხმებით. გრძელდება, ტრადიცია, რომ საბიუჯეტო რესურსები ნაწილდება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო ისეთი საკითხები, როგორიც არის ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, კვლავ უყურადღებოდ რჩება, რის გამოც, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ აღნიშნულ სკაითხს", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
როგორც საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული 83 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება, მათ შორის 10 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შიდა კვარტალური გზებისა და ეზოებში გზის საფარის მოწესრიგებისათვის. ასევე თანხები დაემატება ავარიული სახლების გამაგრების პროგრამას, ერთჯერად სოციალურ დახმარებებს და ოპერაციებს, ხოლო 36 მილიონი ლარი მოხმარდება დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტს.